საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციიდან სავარაუდოდ იმ მუხლის ამოღებაზე შეთანხმდება, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისს განსაზღვრავს

საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციიდან სავარაუდოდ იმ მუხლის ამოღებაზე შეთანხმდება, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისს განსაზღვრავს

საქართველოს კონსტიტუციიდან სავარაუდოდ იმ მუხლს ამოიღებენ, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფლად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა ძირითადად პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით წარიმართა. ამასთან, კომისიის ფარგლებში გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო იყოს დედაქალაქში და ეს თავად კონსტიტუციით განისაზღვროს. 

“პარლამენტის ადგილსამყოფლის საკითხთან დაკავშირებით კომისიის თითქმის ყველა მონაწილე იყო ერთ აზრზე, გარდა კომისიის ერთი წევრისა. დასახელდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება საკითხი მოწესრიგდეს. კერძოდ, ერთია ის, რომ კონსტიტუციიდან საერთოდ ამოვიღოთ ნორმა, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს და ადგილსამყოფლის საკითხი განისაზღვროს პარლამენტის რეგლამენტით. მეორე მოსაზრებაა ის, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში გაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. იყო ასეთი მოსაზრებაც, ხომ არ გაიწეროს კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია არის ქვეყნის დედაქალაქი. თუ ყველა ამ მოსაზრებას მოვუყრით თავს, ერთადერთი, ვინც გამოთქვა მოსაზრება, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს, “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, დეპუტატმა გიორგი კახიანმა. 

კომისიის კიდევ ერთი წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის კონსტიტუციაში განსაზღვრა სწორი პრაქტიკა არ არის. 

“კომისიის ერთი წევრის გარდა, ძალიან დიდი უმრავლესობა აყენებდა საკითხს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. აღნიშნულ საკითხზე იქნება ცხარე კამათი, მსჯელობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კონსტიტუციით არ იყოს განსაზღვრული პარლამენტის ადგილსამყოფელი და მოხდეს შესაბამისი მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.