მიხეილ გორბაჩოვი:  მსოფლიო ისე გამოიყურება, თითქოს ომისთვის ემზადება

მიხეილ გორბაჩოვი: მსოფლიო ისე გამოიყურება, თითქოს ომისთვის ემზადება

მსოფლიო ისე გამოიყურება, თითქოს ომისთვის ემზადება, - ამის შესახებ საბჭოთა კავშირის მერვე და უკანასკნელმა ლიდერმა, 85 წლის მიხეილ გორბაჩოვმა Time-სვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირს, დონალდ ტრამპს, ბირთვული ომის დაგმობისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით, პოლიტიკის მილიტარიზაციისა და შეიარაღების ახალი რბოლის ფონზე. 

„მსოფლიო დღეს პრობლემებითაა გადატვირთული. პოლიტიკოსები დაბნეულები და დაკარგულები ჩანან“, - განმარტა „ცივი ომის“ პერიოდის პოლიტიკოსმა. თუმცა, მისი თქმით, დღეს არც ერთი პრობლემა არაა ისეთი საგანგაშო, როგორც პოლიტიკის მილიტარიზაცია და შეიარაღების გაუმჯობესების გაუნელებელი სურვილი. გორბაჩოვის განმარტებით, დამანგრეველი პროცესის შეჩერება ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს. 

„არსებული ვითარება ძალიან საშიშია“, - ასე შეაფასა გორბაჩოვმა გლობალური პოლიტიკური ამინდი. მისი თქმით, ნატოსა და რუსეთის შეიარაღება, რომელიც აქამდე დისტანციაზე ვითარდებოდა, ახლა კრიტიკულ მანძილზე მიუახლოვდა ერთმანეთს. 

„ბი-ბი-სის“ სტატიის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით 100 ბირთვული იარაღი აქვს დამონტაჟებული. 2016 წლის სექტემბრისთვის ყველაზე მეტი ბირთვული რაკეტა რუსეთს ჰქონდა, ატომური ქობინების რაოდენობა იქ 1796-ს აღწევს. ამავე პერიოდისთვის, აშშ-ის არსენალში 1367 ბირთვული ქობინი ინახებოდა.