საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
როგორც მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მმართველი გუნდი არ აპირებს საკონსტიტუციო კომისიის წინაშე წინასწარ შეჯერებული პოზიციით წარსდგეს.
„წინასწარ შეჯერებული პოზიციებით ჩვენ არ ვიწყებთ მსჯელობას. ჩვენ ვაპირებთ მსჯელობას საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად, რათა ოპტიმალური და ფართო კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით წარვსდგეთ საკანონმდებლო ინიციატივით. ახლა როგორც საზოგადოებაში, ისე მმართველ გუნდში მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა. პირადად ჩემი აზრია, რომ გარკვეული დათქმებით შესაძლებელია მხარი დავუჭიროთ პროპორციულ სისტემას, მაგრამ ამან გარკვეული პრობლემები არ უნდა შექმნას, არ უნდა შექმნას საკონსტიტუციო კრიზისი, სახელისუფლებო კრიზისი და ა.შ. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიღებული იქნება კომისიის შედეგად და საბოლოოდ, კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.