2017 წელს თბილისის 35 საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ადაპტირება მოხდება - აღნიშნული პროექტი დედაქალაქის მთავრობის 3-წლიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რაც საზოგადოებრივი ობიექტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საჯარო ბაღების ინფრასტრუქტურის ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვისა და შშმ პირთათვის 2016 წლიდან დაიწყო და წლის ბოლოსათვის უკვე 40 საბავშვო ბაღში სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი პანდუსები მოაწყო.
აღნიშნული კონსტრუქცია ახალ ბაღებში პროექტის ნაწილს წარმოადგენს, ძველი შენობებისთვის კი პანდუსების პროექტირება ინდივიდუალურად ხდება.
„აღსანიშნავია, რომ თბილისში 2016 წლამდე არსებული არც ერთი საბავშვო ბაღი ადაპტირებული არ ყოფილა და ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ თბილისის მთავრობის სამწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში. გასულ წელს 40 ბაღის ადაპტაცია დავასრულეთ, წელს კი ამ რიცხვს კიდევ 35 ბაგა-ბაღი შეემატება. ჩვენი მიზანია, რომ 2018 წლისათვის თბილისში ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული იყოს,“ განმარტავს საბავშვო-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.