კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი პროექტით, რომელიც არსებული მაჟორიტარული სისტემის ნაცვლად რეგიონულ-პროპორციულ სიაზე გადასვლას გულისხმობს, პრობლემა არსებითად ვერ გადაიჭრება.
როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი გამოსავალი არის ერთიანი პროპორციული სია, სადაც დაწეული იქნება ბარიერი.
”ჩვენ გვაქვს არსებულ საარჩევნო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემა. პირველი ეს არის, რომ ბევრი ადამიანი დარჩა, ვისაც წარმომადგენელი არ ყავს პარლამენტში, მეორე ის არის, რომ მხოლოდ ძალიან ძლიერი პარტიები მოხვდნენ პარლამენტში, ხოლო მესამე არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში არ გვყავს ფართო წარმომადგენლობითი, ფართო სპექტრი. შემოთავაზებული ვერსიებით, ეს პრობლემები არსებითად ვერ გადაიჭრება. მესამე პრობლემა უკავშირდება თანაბარ გადანაწილებას. ეს პრობლემა გადაიჭრება, ოღონდ მხოლოდ არსებული წარმოდგენილი პროექტებით მხოლოდ დიდ და ძლიერ პარტიებს შორის. გამოსავალი არის ერთიანი პროპორციული სია, სადაც იქნება დაბალი ბარიერი, რომელიც მისცემს შესაძლებლობებს მოქალაქეთა მცირე ჯგუფებსაც, რომ საკუთარი წარმომადგენელი ყავდეთ საკანონმდებლო ორგანოში. ბარიერი შესაძლებელია იყოს 2%, 1%, 0.75%, თუმცა 5%-ზე დაბალი”, - განაცხადა მენაბდემ.