გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა და, ამავდროულად, სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა ფილადელფიაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გააკეთა.
„როდესაც საუბარი რუსეთზეა, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ რეიგანის მაგალითი გვახსოვდეს, რომელიც საბჭოთა ლიდერთან მიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკების წარმოებისას ერთ მთავარ პრინციპს ეყრდნობოდა: „ენდე, მაგრამ შეამოწმე“- აღნიშნა ტერეზა მეიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ლონდონმა საკუთარი ინტერესების დაცვა უნდა განაგრძონ, თუმცა სხვა ქვეყნებში ინტერვენციის „წარუმატებელ“ პოლიტიკას აღარ უნდა დაუბრუნდნენ.
„დღეები, როდესაც ამერიკა და ბრიტანეთი სუვერენული ქვეყნების საქმეში, სამყაროს თავისი შეხედულებისამებრ შეცვლის მცდელობისას ერეოდა, დასრულდა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ დავაკვირდეთ, როდესაც საფრთხე რეალურია“, - განმარტა ტერეზა მეიმ.
ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპს მეგობარი და მოკავშირე უწოდა და მოუწოდა, ზურგი არ აქციოს საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ ღირებულებებს.