ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნინოს, შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რომ საქართველო დამშვიდდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს

ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნინოს, შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რომ საქართველო დამშვიდდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს

ჩვენ დღეს შევთხოვთ წმინდა ნინოს, შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რომ საქართველო დამშვიდდეს და გაძლიერდეს, - ამის შესახებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა, კულტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

პატრიარქმა ქადაგებისას მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

”ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ყველას სიყვარულით, სიხარულით გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს”, - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ყველა ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი, ღმერთი აძლევს ამ ჯვარს ადამიანს, რომელიც ხშირად მძიმეა. პატრიარქის თქმით, წმინდა ნინო კაბადოკიიდან იყო და მან გაბედა დიდი მოგზაურობა საქართველოში.

”მან იცოდა, რომ საქართველო წარმართული იყო და აქ ინახება კვართი უფლისა, ძალა ღვთისა მუდამ იყო მასზედა. დიდება უფალს, რომელიც აძლევს ჯვარს და მასთან ერთად აძლევს ძალას ღვთისას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რომ საქართველო დამშვიდდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს”, - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქი ასევე მიესალმა ტაძარში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

”შევთხოვ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მადლი ღვთისა იყოს მფარველი მათი და საქართველოსი. დაგლოცოთ და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა”, - მიმართა პატრიარქმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

დღესვე პატრიარქმა მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები დალოცა, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა. პატრიარქის განცხადებით, მათ აქვთ საპასუხისმგებლო შეხვედრა და გამარჯვება უსურვა.

უწმინდესმა მიმართა ასევე მრევლს, რომ ტაძარში არის გამობრძანებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მოილოცონ სიწმინდე.

”ვემთხვიოთ წმინდა ნინოს ჯვარსა და მივიღოთ მადლი ღვთისა”, - განაცხადა პატრიარქმა.