მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ არ მოხდეს ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობა და მათი ექსტრადირებაში ხელშეწყობა, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, ოთარ კახიძე საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
,,საპარლამენტო უმრავლესობის ეს სამარცხვინო განცხადება არ შეიძლება ადამიანმა სერიოზულად შეაფასოს. ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, როგორ ითანამშრომლეს რუსეთის ფედერაციასთან გია ცერცვაძის მონაცემებზე, არაფერი გააკეთეს, რომ ინტერპოლის ძებნაზე არ დაესვათ და ძებნილი პირი საზღვარზე გაატარეს. არ აღიარებენ არც ერთ პრობლემას და არ იღებენ პასუხისმგებლობას. ეს მათი ხელწერაა. ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის გათავისუფლებას ვულოცავ მის ყველა გულშემატკივარს და ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა მისი გათავისუფლების საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ არ მოხდეს ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობა და მათი ექსტრადირებაში ხელშეწყობა. ამისთვის კი, უნდა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვინც ბრალეული ქმედებით ხელი შეუწყო ამ ყველაფერს. უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადა. ის პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა, თუმცა ცერცვაძეზე საექსტრადიციო წარმოება გრძელდება. ძიების დასრულებამდე, რაც 40-დღიან ვადას მოიცავს, ცერცვაძეს უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვს.