საარჩევნო სისტემის მახინჯი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მაჟორიტარული სისტემა იწვევს იმ მახინჯ შედეგს, როდესაც ხალხმა ხმების რაღაც რაოდენობა მისცა ერთ პარტიას და ის იმაზე მეტ ადგილს იკავებს პარლამენტში, ვიდრე ხალხმა მანდატი მისცა. მაგალითად, საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ ამ მეთოდით აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“. ქართველ ხალხს მათთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭირო ხმები არ მიუცია. ამიტომ ეს მახინჯი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ამაზე არსებობს საყოველთაო კონსენსუსი საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ პარტიებს შორისაც და სხვათაშორის, „ქართული ოცნება“ 2016 წლის არჩევნებამდე აცხადებდა, რომ პრინციპი სწორია, მივიღოთ, ოღონდ ავამოქმედოთ 2020 წლისთვის. დღეს თუ ისინი ამბობენ, რომ ეს კიდევ განსახილველია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ უნდათ შეინარჩუნონ მახინჯი სისტემა, რადგან შეინარჩუნონ ძალაუფლება. ჩვენ შევეცდებით საკონსტიტუციო კომისიაში, რომ ეს სისტემა შეიცვალოს და ამაზე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.