ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო, რომ გია ცერცვაძის არა მხოლოდ გათავისუფლება მომხდარიყო, არამედ არ გადაცემულიყო რუსეთს

ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო, რომ გია ცერცვაძის არა მხოლოდ გათავისუფლება მომხდარიყო, არამედ არ გადაცემულიყო რუსეთს

გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ეს იყო მასკარადი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, მას მეტი არანაირი შეფასების გაკეთება არ შეუძლია.

”ეს იყო ინფანტილურ ვარაუდზე დაფუძნებული კრიტიკა ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და დღეს გამოჩნდა, რომ ყველაფერი ეს იყო სრულიად უსაფუძვლოდ, რადგან ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო, რომ მომხდარიყო გია ცერცვაძის არა მხოლოდ გათავისუფლება, არამედ ის არ გადაცემულიყო რუსეთს. დღეს ჩვენ ეს შედეგი მივიღეთ, ამიტომ საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს შედეგით. ხელისუფლება ახორციელებდა შესაბამის ქმედებებს და შედეგი ამ ყველაფერზე მეტყველებს”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადა. ის პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა, თუმცა ცერცვაძეზე საექსტრადიციო წარმოება გრძელდება. ძიების დასრულებამდე, რაც 40-დღიან ვადას მოიცავს, ცერცვაძეს უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვს.