რუსეთის ამოცანაა აიყვანოს ის პირები, ვისაც საქართველოს უსაფრთხოებაზე ინფორმაცია აქვს

რუსეთის ამოცანაა აიყვანოს ის პირები, ვისაც საქართველოს უსაფრთხოებაზე ინფორმაცია აქვს

რუსეთის ამოცანაა, მაქსიმალურად აიყვანოს ის პირები, ვისაც ჰქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, საუბარია იმ პირების დაკავებაზე, ვისაც აქვს ინფორმაცია სტრატეგიული ობიექტების, საბრძოლო დანაყოფების სტრუქტურაზე და ყველაფერ იმაზე, რაც საქართველოს საიდუმლოებას წარმოადგენს.

ცერცვაძის თქმით, ეს არის პირველ რიგში მიზეზი, რის გამოც რუსეთს მისი დაკავება სურდა.

”მეორე მოტივი ის არის, რომ უნდათ ის ხალხი დასაჯონ, ვინც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში”, - განაცხადა გია ცერცვაძემ.

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადა. ის პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა, თუმცა ცერცვაძეზე საექსტრადიციო წარმოება გრძელდება. ძიების დასრულებამდე, რაც 40 დღიან ვადას მოიცავს, ცერცვაძეს უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვს.