”რესპუბლიკური პარტია” ხელისუფლებას ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას სთავაზობს

”რესპუბლიკური პარტია” ხელისუფლებას ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას სთავაზობს

”რესპუბლიკური პარტია” დღეს საკონსტიტუციო კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადებებს წარუდგებს, რომელიც თვითმმართველობის რეფორმას ეხება. ”რესპუბლიკური პარტია” ხელისუფლებას უფრო სრულყოფილ ორდონიან თვითმმართველობის ჩამოყალიბებას სთავაზობს.

როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვითმმართველობის რეფორმა ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო მრავალი წლის განმავლობაში და ამ კუთხით, არც ერთი ცვლილება არ განხორციელებულა მათი მონაწილეობის გარეშე.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის დროს ნაწილობრივი ცვლილებები განხორციელდა, რაც ითვალისწინებდა მერების და გამგებლების 50%-იანი ბარიერით პირდაპირ არჩევას.

”მაგრამ, შედეგად მივიღეთ ის, რომ „მშიერი“ თვითმმართველი ერთეულები გვაქვს, რომლებსაც პრაქტიკულად არ აქვთ უფლებამოსილებები.

ამიტომ, დღეს, ”რესპუბლიკელები” ისევ ვრჩებით დეცენტრალიზაციის ერთგული და ვთვლით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უნდა გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო კომისიას ვთავაზობთ ჩვენს კონკრეტულ წინადადებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, თვითმმართველობის მუხლში უნდა აისახოს, რომ თვითმმართველობა უნდა იყოს ორ დონიანი. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა არსებობდეს ადგილობრივი და სამხარეო საკრებულოები. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შევთავაზებთ მთელ პაკეტს ცვლილებების, რომელიც რეალურად შექმნის ქვეყანაში დეცენტრალიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს. ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა არის ქვეყნის განვითარების უმთავრესი პირობა და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც რეფორმის მოსურნე ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

”რესპუბლიკური პარტიის” განმარტებით, მათი შეთავაზება გულისხმობს:

”1. თბილისის არსებული 50-კაციანი საკრებულო გადაიქცეს მეორე დონის თვითმმართველობის ორგანოდ;

2. თბილისში შეიქმნას 25 პირველი დონის მუნიციპალიტეტი;

3. იმ ტერიტორიების ფარგლებში, სადაც ამჟამად ცენტრიდან დანიშნულია რწმუნებული, შეიქმნას მეორე დონის, ანუ სამხარეო თვითმმართველობები(კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის). სამეგრელო-ზემო სვანეთს გამოეყოს მესტიის მუნიციპალიტეტი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს გამოეყოს ლენტეხის მუნიციპალიტეტი და ისინი გაერთიანდნენ- შესაბამისად, მივიღებთ სვანეთის, სამეგრელოს და რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო თვითმმართველობებს. მეორე დონის თვითმმართველობებში არჩეული სამხარეო საბჭოები შექმნიან სამხარეო აღმასრულებელ კომპაქტურ სტრუქტურებს. „გუბერნატორები“ აღარ იქნებიან. აილაგმება სუს-ის ჩარევა თვითმმართველობებში.

4. პირველი დონის მუნიციპალურ და მეორე დონის სამხარეო თვითმმართველობებს შორის მიმართება იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც არის ბათუმის, შუახევის, ხულოს, ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. მეორე დონის სამხარეო თვითმმართველობა იქნება აჭარის უმაღლესი საბჭოს თანაზომადი ორგანო - გასაგებია, რომ თბილისის საკრებულო და მერია იქნება ყველაზე ძლიერი, ყველაზე მეტი უფლებამოსილებების მქონე სამხარეო, მეორე დონის თვითმმართველობა, ხოლო ყველაზე პატარა - სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო თვითმმართველობებს პირველ ეტაპზე მეტი მიხმარება დასჭირდებათ.

5. როგორც პირველი, ისე მეორე დონის თვითმმართველობებს ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი.

6. საქართველოს მთავრობამ იმთავითვე დაარღვია კოდექსის მოთხოვნა, სადაც ჩაიწერა, რომ საშემოსავლო გადასახადი ცენტრსა და მუნიციპალიტეტებს შორის უნდა გაყოფილიყო. ფაქტიურად დღემდე ეს საკითხი მოუწესრიგებელია და ცენტრალური ხელისუფლება სხვადასხვა მანიპულაციის გზით არღვევს კანონს და ახრჩობს ისედაც მცირე უფლებამოსილებების მქონე მუნიციპალიტეტებს.

7. უნდა შემუშავდებს ცენტრს, მეორე და პირველი დონის თვითმმართველობებს შორის გადასახადების გადანაწილების პრინციპი. სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში სხვადასხვა მოდელი მუშაობს. დასამუშავებელია, საშემოსავლო და მოგების გადასახადი როგორ და რა პროპორციით გადანაწილდეს ამ სამ დონეს შორის. ნაწილობრივ, აქაც გამოდგება აჭარის მაგალითი, რომელიც, ფაქტიურად, მეორე დონის თვითმმართველობაა . ქონების გადასახადი დარჩეს პირველი დონის თვითმმართველობას. სამსჯელო იქნება, რომელ თვითმმართველობაში დარჩება ესა თუ ის მოსაკრებელი.

8. ხარჯების შემცირება არსებულ მუნიციპალიტეტებში შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. აიპ-ები და შპს-ები გასაცხრილია- აქტივისტთა ფსევდოდასაქმების ინსტიტუციები უნდა მოიშალოს. გამოთავისუფლებული ხარჯები დარჩეს ადგილებზე და რეფორმას მოხმარდეს.

9. გაიზარდოს პირველი დონის თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა. პირველ რიგში, საქალაქო მუნიციპალიტეტების მიმართულებით. გამოიყოს რაიონული თვითმმართველობიდან ქალაქები - ხაშური, ქობულეთი, მარნეული, ახალქალაქი, ზესტაფონი, ჭიათურა, სენაკი....შესაძლოა სხვა ქალაქებიც, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემუშავებულ კრიტერიუმებს. გაგრძელდეს პროცესი გორში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში.... ამჟამად არსებული რაიონული თვითმმართველობები(ზუგდიდის, გორის, ოზურგეთის, თელავის...) დაიყოს თითეული რამდენიმე მუნიციპალიტეტად. ანუ, გადაიდგას ეტაპობრივი ნაბიჯები პირველი დონის მუნიციპალიტეტების გასაზრდელად”, - ნათქვამია პარტიის შეთავაზებაში.

რაც შეეხება არჩევის წესს, პარტიაში მიიჩნევენ, რომ მეორე დონის, ანუ სამხარეო თვითმმართველობა ჯობია, რომ აირჩეს მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით( რასაც რეგიონულ-პროპორციულსაც ეძახიან და პარლამენტის არჩევის წესადაა წარდგენილი პარლამენტში). რამდენიმე ათეული წევრი თითეულ სამხარეო საბჭოში - სამხარეო თვითმმართველობაში ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით.

10. აჭარის უმაღლესი საბჭო 21 ადამიანის შემადგენლობით არჩეულია შერეული სისტემით. სამომავლოდ იქაც მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემა აჯობებს.

11. თბილისის 50 -კაციანი საკრებულოც მეორე დონის თვითმმართველობაა. აჯობებს მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით აირჩეს, მაგ. 3 – 4 მრავალმანდატიან ოლქში. თუ ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგი იქნება არჩევის ასეთი წესის, შესაძლებელია კომპრომისი - მოქმედი სისტემის მინიმალური მოდიფიკაცია. 25 მაჟორიტარი აირჩეს 50 %-იანი ბარიერით, როგორც ეს ხდება პარლამენტის მაჟორიტარების, მერების და გამგებლების არჩევისას. მით უმეტეს, რომ თბილისის საკრებულოს 25 მაჟორიტარი აირჩევა თითქმის იმდენივე ამომრჩევლის მიერ, რამდენითაც აირჩა 22 მაჟორიტარი თბილისიდან პარლამენტში 2016 წელს.

12. პირველი დონის ბევრ თვითმმართველობაში 30-ზე მეტი წევრია და ბევრი ანაზღაურებადი თანამდებობის პირია. შესაძლებელია რაოდენობის შეზღუდვა 25 წევრით, როგორც ეს დიდ თვითმმართველ ქალაქებშია(ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი), სიით არჩეული 15 წევრი და 10 მაჟორიტარი. ესეც კომპრომისია, თორემ 25 -კაციანი თვითმმართველობა ჯობია, რომ მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით ირჩეოდეს. ამ გზით გამოთავისუფლებული ხარჯებიც რეფორმას მოხმარდება- უპირველეს ყოვლისა, ადგილზე გაჩნდება დამატებითი ფინანსები.

13. გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებულების ნაცვლად, აირჩევა 10 რწმუნებული(მამასახლისი), რომელსაც 1-2 თანაშემწეც ეყოლება.

14. თბილისში ახალი, 25 პირველი დონის მუნიციპალიტეტში (მუხიანი, მთაწმინდა, დიდი დიღომი, ორხევი-ლილო, ჩუღურეთი, თემქა, ვარკეთილი, ვაკე, დოლიძე-ხილიანი-პეკინი და ა.შ.) აირჩევა 11-13 წევრი, სასურველია, მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით. (მაჟორიტარული არჩევნები არ ივარგებს, რადგან ძალიან პატარა გამოვა საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი, სულ ორიოდე საარჩევნო უბანი , რამდენიმე ათასი ამომრჩევლით).

15. თბილისის თითეული მუნიციპალური საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს გამგებელს. დედაქალაქის მერის მიერ დანიშნული 10 გამგებლის თანამდებობა გაუქმდება”, - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.