სახალხო დამცველი დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების მონახულებას გეგმავს

სახალხო დამცველი დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების მონახულებას გეგმავს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების მონახულებას გეგმავს. 

როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნულ საქმეში გარკვეული ხარვეზებია.

"მე დღეს, მოგვიანებით მათ მონახულებას ვაპირებ. ჩვენი წარმომადგენლები მათთან გუშინაც იმყოფებოდნენ. ჩვენ ვსწავლობთ მათ საქმეებს. არის გარკვეული ხარვეზები ამ საქმეებშიც. რა თქმა უნდა, ჩართული ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ მეტი ინფორმაცია გვქონდეს" , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე რამდენიმე დღეა შიმშილობენ. ისინი ნომერ მე-9 პენიტენციური დაწესებულებისგან იმ ცნობის გაცემას ითხოვენ, რომლითაც დასტურდება, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის მთავარი მოწმეები, 7 სპეცრაზმელი, რომლებიც ასევე იყვნენ ბრალდებულები, ჩვენების მიცემამდე ერთ საკანში იმყოფებოდნენ და ჩვენებების შეთანხმება შეეძლოთ. მსჯავრდებულები ასევე შესაბამისი უწყებისგან გამოძიების დაწყებასაც ითხოვენ, ვინაიდან კანონის თანახმად, არ შეიძლება ერთიდაიგივე საქმეზე ბრალდებულები ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულები.