ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი წირვას აღავლენს

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი წირვას აღავლენს

წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას აღავლენს.

სიონში მსახურებაზე ასევე ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს და დედაქალაქის მერს. ამ დროისთვის ტაძარში უკვე იმყოფება სოფლის მეურნების მინისტრი. 

სიონში საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით გამობრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ. 

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ქონდა.

წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.