იუსტიციის მინისტრის ახსნა, რომ ომბუდსმენმა გააფუჭა ევროპაში საქმე, ნიშნავს, რომ სახალხო დამცველს მეტი ავტორიტეტი აქვს ევროპაში, ვიდრე მთლიანად მთავრობას

იუსტიციის მინისტრის ახსნა, რომ ომბუდსმენმა გააფუჭა ევროპაში საქმე, ნიშნავს, რომ სახალხო დამცველს მეტი ავტორიტეტი აქვს ევროპაში, ვიდრე მთლიანად მთავრობას

იუსტიციის მინისტრის ახსნა, რომ ომბუდსმენმა გააფუჭა ევროპაში საქმე, ნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველს მეტი ავტორიტეტი აქვს ევროპაში, ვიდრე მთლიანად მთავრობას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ევროსასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების ჩავარდნა მეტყველებს, რომ საქართველომ შესარჩევი კონკურსი საერთაშორისო სტანდარტებისა და პროცედურების დაცვის გარეშე ჩაატარა. მისივე განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა აღიარონ, რომ მოხდა სერიოზული შეცდომა და შემდგომი პროცესები ხარვეზებისგან დამოუკიდებლად უნდა ჩაატარონ.

”ევროპამ გვითხრა, რომ მანდ საქართველოში ქართულად რომ აგვარებთ რაღაცეებს, ვითომ კონკურსით, ვითომ შერჩევით და ა.შ., ჩვენს მიღებულ საქმეებში ასეთ რაღაცეებს არ გავითვალისწინებთო. ევროპაში წარგზავნილი მოსამართლე იქ ჯდება არა იმიტომ, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის საკითხები განიხილოს, არამედ იმიტომ, რომ განიხილოს ფრანგი მოქალაქის საკითხი საფრანგეთის წინააღმდეგ. იქ დანიშნული მოსამართლე არის სრულიად ევროპული საქმის გამგებელი.

ევროპაში გვითხრეს, რომ ან კეთილი ინებეთ და ჩვენი სტანდარტებით ჩაატარეთ პროცედურები და თვალებში ნაცრის შეყრას თავი დაანებეთ, ან საერთოდ თავი დაგვანებეთო. ბევრი რამ, რაც კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოში განვითარდა, იყო თვლებში ნაცრის შეყრის მცდელობა. საქართველოში ზოგმა შეიყარა ეს ნაცარი, ზოგმა თვალები დახუჭა, ზოგმა უფრო ფართოდ გაახილა, მაგრამ ევროპამ გვითხრა, ასე არ გამოვა საქმეო.

იუსტიციის მინისტრის ახსნა, რომ ომბუდსმენმა გააფუჭა ევროპაში საქმე, ეს იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველს მეტი ავტორიტეტი აქვს მთელს ევროპაში, ვიდრე მთლიანად მთავრობას. თუ ეს ასეა, მაშინ მთავრობა იმაზე უნდა დაფიქრდეს, თუ რაშია საქმე. ერთდერთი სწორი გადაწყვეტილება აქვს სახელმწიფო სტრუქტურებს - აღიარონ, რომ მოხდა სერიოზული შეცდომა და ჩავატაროთ პროცესი ამ ხარვეზებისგან თავისუფლად”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატი ჩააგდო. საქართველომ მოსამართლეთა კანდიდატებად გიორგი ბადაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე და ევა გოცირიძე წარადგინა. მოსამართლეების სია თავიდან არის წარსადგენი. ხელახალი კონკურსი კი აპრილამდე უნდა ჩატარდეს.