ნდობის ჯგუფში ერთი კვოტის დაკავებას „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაც შეეცდება

ნდობის ჯგუფში ერთი კვოტის დაკავებას „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაც შეეცდება

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ნდობის ჯგუფში საკუთარ წევრს აუცილებლად წარადგენს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

“ნდობის ჯგუფის საქმიანობაში ჩვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოების სისტემებს, მათ ბიუჯეტირებას. ვფიქრობთ, რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს თუ ცალკეულ დეპუტატს, რომელთაც არც თუ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვთ ქვეყნის მთავარ საფრთხეებთან - მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაცია, არ უნდა ჰქონდეთ ასეთ მნიშვნელოვან სტრუქტურაში ყოფნისა და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის უფლება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ლევან ბეჟაშვილმა.

“ნაციონალურ მოძრაობა“ ნდობის ჯგუფში საკუთარი წარმომადგენლის დასახელებით იმ კვოტის დაკავებას შეეცდება, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატისთვის არის განსაზღვრული. “ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, ნდობის 5-კაციანი ჯგუფის ერთი წევრი უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერით წარდგენილი პირი უნდა იყოს.

აღნიშნული კვოტით ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებმა“, რომელიც ექვსი დეპუტატისგან შედგება, ნდობის ჯგუფში ირმა ინაშვილი წარადგინა. ეს წარდგენა დეკემბრის ბოლოს მოხდა, როცა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ შვიდი დეპუტატი: - ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრები და მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი იყვნენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემდეგ, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ აღმოჩნდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“, ასევე ექვსი წევრის შემადგენლობით, რაც ირმა ინაშვილის ნდობის ჯგუფში შესვლას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, რადგან ხმები ექვსი-ექვსზე იყოფა. ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კი, როგორც მოსალოდნელია, არც ერთი ფრაქციის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

როგორც აღნიშნული საკითხის კომენტირებისას “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა, თუკი უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატები ერთ კონკრეტულ კანდიდატზე ვერ შეჯერდებიან, პარლამენტის ნდობის ჯგუფში მეხუთე წევრი არ იქნება.

“კანონი ჩვენ გვეუბნება, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფში მეხუთე სუბიექტის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა უმეტესობას - უმრავლობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილთაგან რომელ დეპუტატსაც უფრო მეტის მხარდაჭერა ექნება, პარლამენტის ნდობის ჯგუფში ის გამწესდება. ახლა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ პარლამენტის 13 წევრია: - ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ 6-წევრი, “ნაციონალური მოძრაობის“ 6-წევრი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. თუკი ისინი მოახერხებენ და წარადგენენ კანდიდატურას, რომელსაც მათ შორის მეტი რაოდენობით მხარდაჭერა ექნება, ასეთ შემთხვევაში, ეს პიროვნება ნდობის ჯგუფში გამწესდება. თუ ამას ვერ შესძლებენ, ნდობის ჯგუფს მეხუთე წევრი არ ეყოლება. თუკი კანდიდატურას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობაც“ დააყენებს და ამ შემთხვევაში ხმები ექვსი-ექვსზე გაიყოფა, თეორიულად გადამწყვეტი სალომე ზურაბიშვილის პოზიცია იქნება, მაგრამ თუკი ზურაბიშვილი მხარს არც ერთს არ დაუჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ამ სუბიექტს ნდობის ჯგუფში საკუთარი წარმომადგენელი არ ეყოლება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.

პარლამენტის ნდობის ჯგუფი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით იქმნება.