ირაკლი მეძმარიაშვილი - არჩევნების დროს ხმის უფლებით ვინც სარგებლობდა, გარკვეულ რაოდენობას როგორც იურიდიული, ასევე რეგისტრაციის კუთხით პრობლემები ჰქონდა

ირაკლი მეძმარიაშვილი - არჩევნების დროს ხმის უფლებით ვინც სარგებლობდა, გარკვეულ რაოდენობას როგორც იურიდიული, ასევე რეგისტრაციის კუთხით პრობლემები ჰქონდა

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის განმარტებით, არჩევნების დროს ხმის უფლების მქონე სუბიექტებს ჰქონდათ პრობლემები როგორც იურიდიული, ასევე რეგისტრაციის კუთხით. ამის შესახებ ირაკლი მეძმარიაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამას დაეფუძნა მისი სარჩელი საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მეძმარიაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლომ ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები დროებით შეაჩერა, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება. 

”ჩემი სარჩელი ეფუძნებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერს და წერილს იმ ორგანიზაციების შესახებ, რომელთაც არასწორი იურიდიული სტატუსი აქვთ და ზოგს საერთოდაც არ გააჩნია. ხმის უფლებით ვინც სარგებლობდა, გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა პრობლემები, როგორც იურიდიული, ასევე რეგისტრაციის თვალსაზრისით. ამის გამო მოხდა ჩემი სარჩელის შეტანა საქალაქო სასამართლოში. საქალაქო სასამართლომ შეაჩერა 2016 წლის 23 დეკემბრის საარჩევნო ყრილობის გადაწყვეტილება და მას შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება შეჩერდა. სასამართლომ დატოვა ოლიმპიური კომიტეტი 22 დეკემბრის მდგომარეობით”, -განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა. 

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის თქმით, მან არჩევნებამდე აღნიშნული დარღვევის შესახებ არაფერი იცოდა. 
რაც შეეხება კითხვას, მიზანდასახულად მოხდა აღნიშნული პირების არჩევნებში მონაწილეობა თუ შემთხვევით, ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, რომ ამას სასამართლო დაადგენს. 

ოლიმპიური კომიტეტის არჩეული პრეზიდენტის ლერი ხაბელოვისთვის უცნობი იყო, რომ მის კონკურენტს არჩევნების შედეგები სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული. როგორც ლერი ხაბელოვმა განუცხადა, ის არ იყო ინფორმირებული, რომ ირაკლი მეძმარიაშვილს სასამართლოში საჩივარი ჰქონდა შეტანილი და შესაბამისად უცნობია, თუ რა საფუძვლებს დაეყრდნო სასამართლო არჩევნების შედეგების გაბათილების გადაწყვეტილების გამოტანისას. ოლიმპიური კომიტეტის არჩეული პრეზიდენტი სასამართლოს განაჩენის ჩაბარებას ელოდება.

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ლელო“ ავრცელებს. 

საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.

23 დეკემბერს არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა. ის პრეზიდენტად 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა, სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება.

განჩინება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა.