წინასწარ აყენებენ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც უმრავლესობისგან არ იქნება მხარდაჭერილი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნის ინიციატივაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივა, მისი აზრით, უკავშირდება გარკვეული თემების პოლიტიზირებას.
"წარსულშიც გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობისგან" ასეთი ინიციატივები. ამით ისინი ახდენენ მათთვის სასურველი პოლიტიკური თემების პოლიტიზირებას. წინასწარ აყენებენ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც უმრავლესობისგან არ იქნება მხარდაჭერილი. მათ უნდათ ამ თემის პოლიტიზირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ", - განაცხადა კახიანმა.
რაც შეეხება ნდობის ჯგუფის შექმნისთვის საჭირო პროცედურებს, როგორც კახიანმა განმარტა, შესაბამისი პროექტის ინიცირება უნდა მოხდეს, რაზეც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.
"რეგლამენტი ითვალისწინებს ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნას, მაგრამ ის, რომ მას რაღაც განსაკუთრებული წვდომა ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციასთან, ასეთი რამ გათვალისწინებული არაა. მე არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობს მათი ინიციატივა. თუ ისინი ფიქრობენ, რომ უნდა არსებობდეს პარლამენტის შიგნით რაიმე ისეთი ერთეული, როგორიცაა ნდობის ჯგუფი, მაშინ საჭიროა რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება", - განაცხადა კახიანმა.
საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველო" პარლამენტში ე.წ. ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბების და რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ინიციატივით გამოდის.
ფრაქციამ პარლამენტს მიმართა კანონპროექტით, რომლის მიხედვით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ქვეყნისათვის სტრატეგიულ ობიექტებთან ან სტრატეგიულ მიმართულებებთან არსებულ კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით, პარლამენტში ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს. მათ მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი უმცირესობაში შემავალი ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე იქმნება, გადაწყვეტილება კი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის არანაკლებ 1/5-ის მიერ მიიღება.