არ არსებობს თეა წულუკიანის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს საუარესოდ არ შემობრუნებია

არ არსებობს თეა წულუკიანის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს საუარესოდ არ შემობრუნებია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თეა წულუკიანზე არაკომპეტენტური ხელმძღვანელი არ ჰყოლია,- ასე ეხმაურება დეპუტატი ოთარ კახიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინისტრის პოზიციას.

"არ არის სფერო ან არ არსებობს მისი რომელიმე გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს საუარესოდ არ შემობრუნებია. ინტერპოლი იქნება, სტრასბურგის სასამართლო თუ კანონპრექტები, ეს ქალბატონი ყველა სფეროში არაკომპეტენტურობით ხასიათდება. ასევე სიძულვილის ენით საუბრობს და ორგანიზება გაუკეთა კონკურსს, სადაც გიორგი პაპუაშვილს ნული ქულა დაუწერა იმიტომ, რომ ეს პირი პოლიტიკურად ეზიზღება. ბუნებრივია, ევროსაბჭოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტი ივანიშვილისა და წულუკიანის სათათბირო ორგანო არ არის. იქ სხვა სტანდარტებს და არგუმენტებს ითხოვენ და ხელისუფლებას შედარებით ადეკვატური, ნორმალური კონკურსის ჩატარება იმ სტანდარტებით და წესებით მოუწევს, რაც ევროსაბჭოს აქვს და არა წულუკიანს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს დაბრუნებოდა.

”მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ”ნაციონალური მოძრაობა”, უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი. ისინი ყოველთვის მუშობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.