ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია იწყება

ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია იწყება

ევროკავშირის პროექტის ”ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა” ფარგლებში ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია იწყება. კამპანიის პრეზენტაცია დღეს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა და მასზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინსიტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა. ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

”დღეს ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია საქართველოს ევროპული გზის შესახებ ქვეყნის ფართო მასების ინფორმირების მიზნით. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა დღეს აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს არ ყოფილა ისე ახლოს ევროპასთან, როგორც არის დღეს და არასოდეს არ ჰქონია ასეთი წარმატებები ევროპასთან ასოცირების გზაზე. ეს მისასალმებელი და აღსანიშნავია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობას მარტივ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე აამაღლოს მათი ცნობიერება, თუ რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელებამ. მესამე კომპონენტის ამოცანაა გაზარდოს საქართველოს ევროპული ვექტორის მიმართ სოციალური მხარდაჭერა. დღესვე ევროკავშირისა და საქართველოს კომუნიკაციის კომპონენტის ფარგლებში გამოცხადდა ხელოვნების კონკურსი ”გა-მოხატე ევროპა”. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვინც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე 25 იანვრიდან 25 თებერვლამდე გააგზავნის მის მიერ შექმნილ პოსტებს, ფოტოს, ან ნახატს თემაზე ”ჩემი თვალით დანახული ევროპა”.

საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება. მისი საერთო ღირებულება 150 000 ევროა.