ვიდრე პრეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლებდა, კარგი იქნებოდა პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციები ყოფილიყო

ვიდრე პრეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლებდა, კარგი იქნებოდა პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციები ყოფილიყო

ვიდრე პრეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლებდა, კარგი იქნებოდა პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციები ყოფილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც კახიანმა აღნიშნა, კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პრეზიდენტის შენიშვნები ნაწილობრივ იქნას გაზიარებული და აქედან გამომდინარე, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო ან მთლიანად უნდა გაიზიაროს ან დაძლიოს. კახიანის თქმით, პრეზიდენტის შენიშვნებში შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც დეპუტატებისთვის მისაღებია, თუმცა არა ყველა.

”ჩვენ მხოლოდ ინფორმირებულები ვართ იმის თაობაზე, თუ რომელ მუხლებს და რა დებულებებს შეეხო პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში ოფიციალურად შემოსული არაა, ბუნებრივია, ჩვენ არ გავცნობივართ იმ არგუმენტებს, რასაც პრეზიდენტის შენიშვნები ეფუძნება. ამიტომ, პირველ რიგში, ამ არგუმენტებს გავეცნობით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავიზიარებთ თუ არა ვეტოს”, - განაცხადა კახიანმა.

რაც შეეხება, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობის ვადას, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობისთვის პარლამენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ დასჭირდება.

”მორიგი სესიის დაწყებიდან ანუ 7 თებერვლიდან 15 დღის განმავლობაში პარლამენტს შეუძლია განიხილოს პრეზიდენტის ვეტო, მადგან რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს ასევე შეუძლია მოიწვიოს რიგგარეშე სესია და მასზე მოხდეს პრეზიდენტის ვეტოს განხილვა. ამ საკითხზე, უმრავლესობის ფარგლებში უნდა ჩატარდეს კონსტულაციები და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. თუმცა მე პირადად იმის აუცილებლობას, რომ რიგგარეშე სესია მოწვეული იყოს, ვერ ვხედავ. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მოხდება საგაზაფხულო სესიაზე”, - განაცხადა კახიანმა.