კანდიდატების შერჩევა აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია და არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ მიღებული გადაწყვეტილება რაიმე უბედურებასთან არის დაკავშირებული, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ევრპოსაბჭოში წარდგენილი ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოსთვის უკან დაბრუნების გადაწყვეტილებას.
“გაგვიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რატომ არ აირჩიეს წარდგენილი კანდიდატები, რადგან მთელი ეს პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და შესაბამისი არგუმენტები, მიზეზები ჩვენ არ ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ, რადგან ასეთია შერჩევის სტანდარტი. პროცედურულად, ჩვენ ახალი კანდიდატების წარდგენის ვადა აპრილამდე მოგვეცა და რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია - ჩვენ არაერთხელ ვართ მოწმე იმისა, რომ სხვადასხვა საბჭო თუ ადმინისტრაცია, არამხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში არჩევს კანდიდატურებს, რომლებიც საბოლოოდ არ მტკიცდება. ესეც ჩვეულებრივი პროცესია და არ უნდა შევქმნათ ილუზიები, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაკავშირებულია რაიმე უბედურებასთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.