რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოში კარგი კანონმდებლობაა მედიის კუთხით, მაგრამ ერთია კანონმდებლობა და მეორეა, მთავრობის ქცევა

რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოში კარგი კანონმდებლობაა მედიის კუთხით, მაგრამ ერთია კანონმდებლობა და მეორეა, მთავრობის ქცევა

რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოში არის კარგი კანონმდებლობა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, მაგრამ ერთია კანონმდებლობა და მეორე რეალობა და მთავრობის ქცევა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ქართულ მედია სივრცეში მიმდინარე მოვლენებთან და რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით, რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული.

”ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ჟურნალისტთა დაცვას ეხება, იმთავითვე იყო პარაგრაფი, სადაც გამოთქმული იყო შეშფოთება მედიასაშუალებების მფლობელობის ბოლოდროინდელი ხშირი ცვლილების გამო. ამ პარაგრაფს, ესტონელი დეპუტატის ერიკ კროსის ინიციატივით დაემატა წინადადება, რომელშიც გამეორებულია შეშფოთება „რუსთავი 2“-ის მფლობელობის ცვლილების მცდელობების გამო; შეშფოთება, რომელსაც მუდმივად გამოთქვამს საერთაშორისო თანამეგობრობა და სამოქალაქო საზოგადოება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეეცადნენ აღნიშნული პარაგრაფი რეზოლუციიდან მთლიანად წაეშალათ, მაგრამ ხმათა დიდი უმრავლესობით დამარცხდნენ როგორც მედიის კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე. მათ ასევე გაილაშქრეს ესტონელი დეპუტატის მიერ დაყენებული შესწორების წინააღმდეგ, მაგრამ იგი მაინც იქნა მიღებული ხმათა უდიდესი უმრავლესობით 121 რვის წინააღმდეგ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” კანდელაკმა.