”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, პარტიას ხელში ჩაუვარდა დევნილთა სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის შესაბამისი დოკუმენტის პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან. წიკლაურის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” არ დაუშვებს, რომ ხელისუფლებამ დევნილებს დახმარება შეუწყვიტოს.
”ჩვენს ხელში მოხვდა დევნილთა შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი,რომელიც დევნილთა სამინისტროშია შექმნილი. მთავარი ამოცანა, ამ დოკუმენტის არის დევნილთათვის 45-ლარიანი შემწეობის შეწყვეტა. ამ დოკუმენტის ამოქმედება დევნილთათვის გამოიწვევს ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებს, გამოიწვევს სოციალურ კრიზისს, რადგან დევნილთა უმრავლესობა დამოკიდებულია სწორედ ამ შემწეობებზე. სულ ამ პროგრამისთვის სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილია 121 მილიონი ლარი. სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგარამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდნირობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილი - დევნილები დადგნენ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ. ”ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს დევნილთა სამინისტროს და მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელი აიღოს ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე. ჩვენი პარტიის მხრიდან დევნილებს ექნებათ სრული მხარდაჭერა, რადგან ამ დოკუმენტის ამოქმედება ნიშნავს მრავალი ათასი ადამიანის გაწირვას შიმშილისთვის”, - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების მიზანია, რომ ეს დახმარება ყველა დევნილს შეუწყდეს და სწორედ ამას ემსახურება ამ დოკუმენტში დაწერილი გადაწყვეტილებები.