არ მახსენდება პრეცედენტი, სადაც სტრასბურგში წევრი ქვეყნისთვის ასე დემონსტრირებულად უპატივცემულობა გამოუხატავთ

არ მახსენდება პრეცედენტი, სადაც სტრასბურგში წევრი ქვეყნისთვის ასე დემონსტრირებულად უპატივცემულობა გამოუხატავთ

არ მახსენდება პრეცედენტი, სადაც სტრასბურგში, წევრი ქვეყნისთვის ასე დემონსტირებულად უპატივცემულობა გამოუხატავთ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნინო კალანდაძემ ”ინტერპრესნიუსს” სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურების ჩავარდნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე მოსაზრებით, ეს არის მკაფიო გზავნილი სახელმწიფოს მიმართ, რომ სახელმწიფო ამ პროცესში არ მოქმედებდა იმ სტანდარტის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ევროსაბჭო მოსამართლეებს ამტკიცებს.

”სახელმწიფოს გადასახედიდან არასახარბიელო ფაქტია და რაღაც ფორმით, სახელმწიფოს სირცხვილიც არის, რადგან სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება მსგავსი მაგალითი. არ მახსენდება პრეცედენტი, სადაც სტრასბურგში, წევრი ქვეყნისთვის ასე დემონსტრირებულად უპატივცემულობა გამოუხატავთ. ცხადია, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ, სადაც სახელმწიფო კვოტით კანდიდატების წარგენა ხდება, ბუნებრივია, რაღაც დოზით ამას პოლიტიკური სარჩულიც აქვს, ეს არც სტრასბურგისთვს არის უცხო და არც სხვა წევრი ქვეყნისთვის, მაგრამ აქ როგორც ჩანს, იმდენად მძაფრად გამოიკვეთა ამ კანდიდატების პოლიტიკური ნიშანი და მათ შორის, თვითონ ის პროცესი, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა კანდიდატების შერჩევის და წარდგინების საკითხი, იქაც კი ხელი შეეკრათ საიმისოდ, რომ წევრი ქვეყნის მიმართ საკმარისი პატივისცემა გამოეხატათ და რომელიმე კანდიდატურა მაინც მიეღოთ. რეალურად, არ მახსენდება ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულების სისტემა მეტ-ნაკლებად გამართულად ფუნქციონირებს, არის ევროსაბჭოს წევრი და იქ კანდიდატებს ასე ღიად ბლოკავდნენ. ეს ნამდვილად განგაშის ნიშანია და იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად უნდა დაუკვირდეს როგორ გადაწყვეტილებებს იღებს, როდესაც საუბარია სასამართლო დამოუკიდებლობაზე და როდესაც კანდიდატების წარდგენას ცდილობს, რომლებიც თეორიულადაც კი ვერ ქმნიან იმ სურათს, რომ არიან მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 იყო მომხრე და ორმა თავი შეიკავა.

გასული წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან - ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი - გასაუბრებები გაიმართა, თუმცა კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.