საპარლამენტო ფრაქცია ”ევროპული საქართველო” პარლამენტში ე.წ. ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბების და რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ინიციატივით გამოდის.
ფრაქციამ პარლამენტს მიმართა კანონპროექტით, რომლის მიხედვით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ქვეყნისათვის სტრატეგიულ ობიექტებთან ან სტრატეგიულ მიმართულებებთან არსებულ კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით, პარლამენტში ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს. მათ მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი უმცირესობაში შემავალი ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე იქმნება, გადაწყვეტილება კი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის არანაკლებ 1/5-ის მიერ მიიღება.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე სერგო რატიანი განმარტავს, მათი საკანონმდებლო ინიციატივა იმ პროცესებმა განაპირობა, რომელიც ”გაზპრომთან” მოლაპარაკებებს უკავშირდება.
”პროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოში არის კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარიგებები, რომლის მიმართაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. გარიგებები დაკავშირებულია ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებთან და საკითხები არ არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე კომპანიის ფინანსურ შემოსავალზე. პარალელურად, ვერ ხერხდება საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და მიუხედავად გარიგებების მნიშვნელობისა, ინფორმაციაზე წვდომა შეუძლებელია. ჩვენ მიერ მომზადებული პროექტის მიზანს წარმოადგენს სწორედ ის, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებობა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს - პარლამენტის ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფს მიეცეს”, - განმარტა ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე სერგო რატიანმა.