საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატებმა შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან გამართეს, რა დროსაც მხარეებმა ქართული დელეგაციის განახლებული შემადგენლობის სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრეს.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, საუბარი შეეხო პედრო აგრამუნტის იმ განცხადებასაც, რომელიც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გააკეთა.
„ვისაუბრეთ დელეგაციის ახალი შემადგენლობის მუშაობის სტრატეგიაზე, თუ რა საკითხებზე და როგორ ვაპირებთ აქტიურობას მომავალი წლების განმავლობაში. მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისა და ამ პროცესში ევროსაბჭოს, კერძოდ, ვენეციის კომისიის ჩართულობაზე, რაც ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული. ასევე, ვისაუბრეთ მის გუშინდელ კომენტართან დაკავშირებით, რაზეც მან გვითხრა, რომ არანაირი კითხვის ნიშნები ამ მიმართულებით არ აქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.