ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილ რეზოლუციის პროექტში საქართველოში მედიათავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზეა საუბარი.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილი იყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.
როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიათავისუფლების და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ აღნიშნული საკითხის რეზოლუციის პროექტში შეტანას მხარი ბევრმა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭირა.
როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ცვლილება სრულად არ იქნა გათვალისწინებული.
”ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილება, ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, სადაც აღნიშნულია, რომ მედია გარემოს კუთხით საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს საუკეთესო გარემოს იმისთვის, რომ მედიამ შეძლოს თავისუფლად არსებობა, საქმიანობა და შექმნას პლურალისტური გარემო. ამ ნაწილს მომხსენებელი დაეთანხმა. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ის სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს აჩენს, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ცნობილია, რომ ეს დავა იწვევს საკმაოდ დიდ ვნებათაღელვას. სწორედ ამიტომ, სასურველია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, ეს კითხვები მოიხსნას. ვფიქრობ, რომ პრინციპში, ძირითადად, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური შეფასებები და მოსაზრებებიც არის ასახული რეზოლუციაში. მიმაჩნია ასევე, რომ შესაძლებელი იყო მომხსენებელს უფრო მეტად ჩაეხედა საკითხის არსში და საქართველოში არსებული მედია კონტექსტი უკეთესად ყოფილიყო შეფასებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებას და საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და სწორედ ამ ამოცანას ვემსახურებით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, 2015 წლიდან, შექმნილია პლატფორმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების და ზოგადად, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. ამ რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი.