ეს ან ხდება უცოდინრობით ან კოორდინირებულ მოქმედებაზე ჩვენ ყოფილ კოლეგებსა და ბიუროს შორის შეთანხმებაა, - ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომას, სადაც ბიურომ ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება ცნობად მიიღო.
მისი თქმით, ბიურომ არ გაითვალისწინა ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართვა, რომ ფრაქციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხი განეხილა, რადგან აღნიშნული ქმედება ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრებმა რეგლამენტისა და კანონმდებლობის დარღვევით განახორციელეს. ბეჟაშვილის განცხადებით, შექმნილია აბსურდული ვითარება - ”ნაციონალური მოძრაობას” ჰყავს ფრაქცია პარლამენტში, რომელსაც ჰქვია ”ევროპული საქართველო”.
”სამწუხაროა, რომ ბიურომ საკითხი ისე განიხილა, რომ სათანადოდ არ შეუსწავლია თუ რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას და არც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის და არც ჩვენი პოზიცია არ მოისმინა. ამ გადაწყვეტილების ცნობად მიღებით შეიქმნა აბსურდული ვითარება. კანონმდებლობის და რეგლამენტის თანახმად, ერთი პარტიის წევრები შესაძლებელია გაერთიანებული იყვნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ჩვენ, როგორც საარჩევნო სუბიექტს, გვყავდა ჩვენი წარმომადგენლობა ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის სახით. ამ ადამიანებმა, ჩვენმა ყოფილმა კოლეგებმა 12 იანვარს დატოვეს პარტია და განაცხადეს, რომ ქმნიდნენ ახალ პარტიას. 13 იანვარს, როდესაც მათ ჩაატარეს ფრაქციის სხდომა, რეალურად აღარ იყვნენ ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრები. სამართლებრივი ლოგიკიდან გამომდინარე, მათ უნდა დაეტოვებინათ ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია და შეექმნათ თავისი ფრაქცია ან გადასულიყვნენ ”ევროპული საქართველოს” ფრაქციაში. თუმცა მოხდა პირიქით, სხვა პარტიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია ჩვენ ფრაქციაში, შეცვალეს სახელი და მიიღეს სხვა გადაწყვეტილებები. ამიტომ ვაფრთხილებდით ბიუროს, რომ ეს არ არის სახელის რიგითი შეცვლა. მათი ლოგიკით, შეიქმნა სიტუაცია, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს თავისი საპარლამენტო წარმომადგენლობა, ოღონდ ამ წარმომადგენლობას კი არ ჰქვია ”ნაციონალური მოძრაობა”, ჰქვია ”ევროპული საქართველო”. გამოდის, რომ ”ევროპულ საქართველოს” ჰყავს ორი ფრაქცია - ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ფრაქცია და ელენე ხოშტარიას ფრაქცია”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებებით შეიქმნა დაფინანსების პრობლემებიც. ”ამ აბსურდული გადაწყვეტილებებით გამოდის, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ფრაქცია ”ევროპული საქართველო” და დაფინანსებას იღებს ”ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენ ბიურო გავაფრთხილეთ, რომ ეს ადამიანები გასულები იყვნენ პარტიიდან და მათი გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია და საპროცედურო კომიტეტისთვის დაევალებინათ საკითხის შესწავლა, მით უმეტეს, როცა ამ კომიტეტის თავმჯდომარეც ამბობს, რომ ლოგიკური იქნებოდა ფრაქციიდან გასულიყვნენ პარტიიდან წასულები და არა პირიქით. შემდეგ კახიანისთვის უთქვამთ, რომ ჩვენ არ გავსულვართ ოფიციალურად ”ნაციონალური მოძრაობიდანო”. როცა ნახეს, რომ სამართლებრივი პრობლემები ექმნებოდათ, გადაატრიალეს „პლასტინკა“ და თქვეს, პარტიიდან არ გავსულვართო, რაც აბსურდია, დომხალია, რაც არის ან უცოდინრობა ან პოლიტიკური თაღლითობა”, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ამ საკითხზე ”ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს პარლამენტისგან პასუხის გაცემას და შემდეგ ისაუბრებს თავის გეგმებზე, თუ რას მოიმოქმედებს ფრაქციებთან დაკავშირებით.
”ახალი ფრაქციის შექმნაც ალოგიკურია. ამავე ლოგიკით, ჩვენ უარი უნდა გვითხრან ახალი ფრაქციის შექმნაზე და გვითხრან, რომ თქვენ რა ფრაქცია უნდა შექმნათ, უკვე გაქვთ ფრაქციაო, რომელსაც სახელი შეეცვალა და ”ევროპული საქართველო” ჰქვიაო. სავარაუდოდ, ამ მორიგ აბსურდზე არ წავლენ. ამ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ პასუხის გაცემას და შემდეგ ვისაუბრებთ ჩვენ სამომავლო გადაწყვეტილებებზე”, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ორ ფრაქციას შეეცვალა სახელწოდება. ბიურომ ამის შესახებ ინფორმაცია მოისმინა ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერის სერგო რატიანისგან. ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო, რომ უმცირესობაში შემავალი ერთი ფრაქციიდან ასევე უმცირესობაში შემავალ მეორე ფრაქციაში გადავიდნენ ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა.
როგორც ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა, ამ ფრაქციებს სახელწოდება ოფიციალურად შეცვლილი აქვს და ამის შესახებ ბიუროს მხოლოდ ინფორმაცია მიეწოდება.
„რეგლამენტის თანახმად, ბიურო ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ვერ ერევა ფრაქციის გადაწყვეტილებაში. ბიურო იღებს ინფორმაციას ცნობად“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლის შემდეგ აღნიშნულმა ჯგუფმა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ დაარქვა და მისი თავმჯდომარე ნიკა მელია სერგო რატიანით ჩაანაცვალა. მეორე ფრაქციას, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ დაერქვა „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“.