NDI-ის კვლევებში ჩანს, რომ გაზრდილია იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც რუსულ ორიენტაციას უჭერს მხარს

NDI-ის კვლევებში ჩანს, რომ გაზრდილია იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც რუსულ ორიენტაციას უჭერს მხარს

NDI-ის კვლევების ის შედეგი, რომლითაც შემცირდა ნატო-ს მხარდამჭერთა, ხოლო გაიზარდა რუსული ორიენტაციის მხარდამჭერთა რაოდენობა, აჩვენებს რომ ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებს ხელისუფლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს გაუგებარი საგარეო პოლიტიკა და ასევე აფინანსებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ახდენენ რუსული მესიჯების პროპაგანდას.

„ამ კვლევებში ძალიან ნათლად ჩანს, რომ მცირედით, მაგრამ მაინც არის შემცირებული იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ნატო-ს უჭერს მხარს, ხოლო გაზრდილია იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც რუსულ ორიენტაციას უჭერს მხარს. ესეც არის იმ პოლიტიკის შედეგი რასაც ატარებს ხელისუფლება. აქ იგულისხმება არა მარტო გაურკვეველი საგარეო პოლიტიკა, ასევე იმ მედიასაშუალებების დაფინანსება გადასახადის გადამხდელთა ფულით, რომლებიც ახდენენ რუსული მესიჯების პროპაგანდას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება კვლევის სხვა ნაწილს, მისი თქმით, ამ კვლევაში უკვე მერამდენედ არის ხაზგასმული, რომ მთავარი პრობლემა რაც ქვეყანას აწუხებს ეს არის ეკონომიკა, უმუშევრობა, ფასების ზრდა და ვალუტის გაუფასურება.

„მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა რაღაც სხვა მოგონილ პრობლემებზე. ის, რომ ეს პრობლემები არ გვარდება, არის ფაქტი, ის რომ მოსახლეობა თავს გრძნობს ღარიბად, ის რომ 65% თავს თვლის უმუშევრად, ესეც არის ფაქტი, ამ პრობლემებზე უნდა საუბრობდეს მთავრობა და არა გაუგებარი ფრაზებით როგორიცაა დედოლარიზაცია, ჰეჯირება და ა.შ.“, - განაცხადა კაპანაძემ.

NDI-ის კვლევების თანახმად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს, 25% კი წინააღმდეგია.