ფაქტობრივად უკანონოდ იყო ჩამორთმეული ჩემი მიწის ნაკვეთი, - ამის შესახებ დაზარალებულმა გურამ ჩიქოვანმა განაცხადა, რომელსაც პროკურატურის გადაწყვეტილებით, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებენ.
„ფაქტობრივად უკანონოდ იყო ჩამორთმეული ჩემი მიწის ნაკვეთი, ერთი ნაკვეთი, თავის დროზე სასოფლო-სამეურნეო იყო, მეორე - არასასოსფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ზეწოლის შედეგად მივატოვე ეს მიწის ნაკვეთები და ჩავაბარე სახელმწიფოს“, - განაცხადა გურამ ჩიქოვანმა.
მისი თქმით, დაახლოებითი ღირებულება არის 200-დან 300 000 დოლარამდე.
„დადგინდა ის ფაქტი, რომ მე ვიყავი კეთილსინდისიერი შემძენი. გამოძიებამ დაადასტურა ეს და დაზარალებულად მცნეს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
პროკურატურის გადაწყვეტილებით, „დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდებათ. ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2005 წელს მოქალაქე გურამ ჩიქოვანმა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებული აუქციონში გამარჯვების გზით შეიძინა სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, ხოლო 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კანონიერად დაირეგისტრირა სოფელ გონიოში მდებარე 1 403 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. მოგვიანებით ხსენებული ქონება, საკუთარ ახლობლებს ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადაუფორმა. ხსენებული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ამის გამო, ხელვაჩაურის გამგეობამ ხელოვნურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მიმნიჭებელი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე და ამ მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. თუმცა სასამართლომ გამგეობის აღნიშნული უკანონო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას შემდეგ ხელვაჩაურის გამგეობას დაზარალებულებისთვის ქონების ჩამორთმევის ყველა გზა ამოეწურა, 2010 წლის აგვისტოში გურამ ჩიქოვანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სამართალდამცავებისგან შეექმნებოდა პრობლემები. დაზარალებულმა გურამ ჩიქოვანმა პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა მიწის ნაკვეთების დათმობის შესახებ მესაკუთრეებს ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადასცა, რომლებიც იძულებული გახდნენ ქონება სახელმწიფოს სახელზე გადაეფორმებინათ.
პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს, ფრიდონ ქიქავას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, ხოლო ლიანა ინწიკრველს სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეათი დაუბრუნდეთ“.