ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად, რადგან ერთი მხარის არჩევა ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას

ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად, რადგან ერთი მხარის არჩევა ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას

სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. ამის შესახებ განცხადება სევდია უგრეხელიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ახლა, როდესაც საქართველო დგას დიდი საფრთხეების წინაშე, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების და არაფორმალური მმართველი ოლიგარქის წყალობით, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დანაწევრება, ტაქტიკური განსხვავებებისა და პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე პირადად არავითარი საფუძველი არ გამაჩნია, ამიტომ არ ვერთიანდები არც ერთ ფრაქციაში და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, იგი არ აპირებს დაწეროს განცხადება „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის რიგების დასატოვებლად და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ წევრად, „თუკი ეს პარტია თავის სახეს შეინარჩუნებს“.

საუბრისას, სევდია უგრეხელიძემ ასევე გაიხსენა მისი მოღვაწეობის პერიოდი, კერძოდ, ის, რომ იგი 2002 წლის საკრებულოს არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გახდა, წლების განმავლობაში კი მუშაობდა თბილისის მერიაში გიგი უგულავას დროს. სევდია უგრეხელიძის განცხადებით, ეს პერიოდი ქვეყნისათვისაც და ქალაქისთვისაც წინსვლის პერიოდი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის გულსატკენია ის პროცესები, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება.

სევდია უგრეხელიძე 2016 წლის ბოლომდე საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე 2017 წლის 1-ელი იანვრიდან იგი მამუკა ახვლედიანმა შეცვალა.