„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი გუნდი ძალიან მარტივ საორგანიზაციო საკითხებში ვერ ახერხებს გარკვევას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის ფრაქციის გარშემო წარმოშობილი დავის კომენტირებისას განუცხადა.
აბესაძისთვის გაუგებია, რატომ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აღნიშნულ საკითხში პარლამენტის ბიუროსა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ჩართვა.
აბესაძის თქმით, 21 დეპუტატიდან, რომელიც ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, მხოლოდ 5 უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენას. აქედან გამომდინარე, აბესაძის აზრით, ფრაქცია იმ ადამიანებს უნდა დარჩეს, რომლებიც ფრაქციაში უმრავლესობას წარმოადგენენ.
„იმ 6 დეპუტატს, რომელიც პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება, შეუძლია ჩამოაყალიბოს ფრაქცია, აირჩიოს მათთვის სასურველი თავმჯდომარე და ძალიან მარტივად და სწრაფად დაასრულონ შიდაპარტიული ბრალდებები, რაც ხელს გვიშლის მთავარ მიზანში – ვიბრძოლოთ ხელისუფლებისა და ქვეყანაში არსებული პრობლემების წინააღმდეგ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი აბესაძემ.