პარლამენტში არსებული ფრაქცია არის საარჩევნო ბლოკის ფრაქცია, რომელშიც“ნაციონალური მოძრაობის“ გარდა “ევროპული საქართველოც“ შედის

პარლამენტში არსებული ფრაქცია არის საარჩევნო ბლოკის ფრაქცია, რომელშიც“ნაციონალური მოძრაობის“ გარდა “ევროპული საქართველოც“ შედის

უმცირესობაში შემავალი ფრაქციის “ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ახალი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ 6-კაციანმა ჯგუფმა უნდა შექმნას.

კახიძის აზრით, პარლამენტში არსებული ფრაქცია არის არა პარტიის, არამედ საარჩევნო ბლოკის ფრაქცია, ხოლო ბლოკში გაერთიანებული იყო, როგორც პარტია “ნაციონალური მოძრაობა“, ასევე პარტია “ევროპული საქართველო“.

“ძალიან უხერხულია, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი დასახმარებლად “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიმართავს, რათა მათ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში დახმარება აღმოუჩინონ. ასევე აბსოლუტურად გაუგებარია, თუ როდის შემდეგ გადაწყვიტეს საპარლამენტო პროცედურების გამოყენება, როცა პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგობდნენ და ბოიკოტს ითხოვდნენ. მე შიდადაპირისპირებაზე კონცენტრაცია არ მინდა - ჩემს კოლეგებს და ყოფილ თანაგუნდელებს ვურჩევ, ჩვენთან დაპირისპირების ნაცვლად, “ქართული ოცნების“ მავნებელ მთავრობას დაუპირისპირნენ“, - აღნიშნა კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას სახელი შეუცვალეს და თავმჯდომარე გადააყენეს, ამ ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ეს არის ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია და პარტიიდან გასული წევრები პარტიის სახელწოდების შეცვლისა და თავმჯდომარის გადარჩევით მიმართავენ პროცედურულ ხრიკებს, რათა შეინარჩუნონ თანამდებობები და მიიღონ ის სარგებელი და სიკეთე, რაც ფრაქციას მოაქვს.

13 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა დეპუტატებმა ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაარქვეს და ”ევროპული საქართველო” დაარქვეს. მათ გადაირჩიეს ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია და თანამდებობაზე სერგო რატიანი დანიშნეს.