„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა უმრავლესობა (52%) მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობა მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს.
კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, გამოკითხულთა 44 %-მა განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება.
რაც შეეხება ქუთაისს, ამ შემთხვევაში გამოკითხულთა 61% აცხადებს, რომ ადგილობრივი მთავრობა მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს და მხოლოდ 34% ფიქრობს, რომ მთავრობა მნიშვნელოვან ცვლილებებს ატარებს.
ვითარება თითქმის იდენტურია ქალაქ ბათუმში - ადგილობრივების 51% აცხადებს, რომ მთავრობა მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს, ხოლო 41 % შეკითხვისას გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება.
რაც შეეხება საკრებულოებს, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 86 %-ს, ბოლო 12 თვის განმავლობაში, საკრებულოსთან შეხება არ ჰქონია, ხოლო 67 %-ს შეხება არ ჰქონია მერიასთან. გამოკითხულთა 37% საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია, ხოლო 33 % კმაყოფილებას მერიის მუშაობასთან დაკავშირებით გამოთქვამს.
რაც შეეხება უკმაყოფილო მოქალაქეთა მაჩვენებელს, გამოკითხული მოსახლეობის 23% საკრებულოს მუშაობით არის უკმაყოფილო, ხოლო 27% - მერიის მუშაობით.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი არის ±1,8%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.