ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ რამდენიმე წუთის წინ, ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

„დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა პარტიას, რომლებმაც იბრძოლეს წლების განმავლობაში და რომელთა დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არსებობს როგორც პარტია. ეს ხალხი არის სახე და ხერხემალი პარტიის და არასწორია შეფასებები, რომლებიც ისმის ბოლო დღეების განმავლობაში.

ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია.

დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

უფრო კონკრეტულად, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.