ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკური პარტიას

ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკური პარტიას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას შეფასებით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშანწყალი ექნება.

ნიკა მელია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს. მისი თქმით, ბოკერიას გუნდმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც გადაწყდა, რომ ყრილობაში მონაწილეობას 7000 დელეგატი მიიღებდა.

„ბუნებაში არ მოიძებნება „ნაციონალური მოძრაობის“ 7000 წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს გიგა ბოკერიას და მისთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა ყრილობაზე. აქედან გამომდინარე, მან დაახლოებით, ერთი თვის წინ, გადაწყვიტა, რომ პარტია დაეტოვებინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯგუფი დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რაიონიდან, რომ რაც შეიძლება ისე წარმოჩნდნენ, თითქოს ისინი ბევრი არიან. მე მათ ნაწილს ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნება გაერთიანება, რომელიც უფრო დაემსგავსება არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშნწყალი ექნება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცნობ ბოკერიას. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იგი რაიმენაირად კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა უკანასკნელ პერიოდში. მათ შორის, მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, ბევრი კითხვის ნიშანი და ამდენი შემთხვევითობის უბრალოდ არ მჯერა. ცხოვრებაში არის ვითარებები, როდესაც აგური რომ თავზე დაგეცეს, შემთხვევითობას ვერ აბრალებ და ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, რომელიც არც ერთ მათგანს უბრალოდ არ მიუცია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უბრალოდ ძილს უფრთხობს ბიძინა ივანიშვილს და მის არაფორმალურ მმართველობას.

„როდესაც ძლიერ გაერთიანებას ტოვებ, თან იძახი, რომ ბიძინა ივანიშვილს მინდა ვებრძოლო და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მინდა ჩამოვშალოო, ბუნებრივია, მე კითხვის ნიშნები მაქვს. ყველაზე საუკეთესო პლაცდარმი არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ჰყავს ნახევარი მილიონი მხარდამჭერი და ეს არის საუკეთესო საშუალება ებრძოლო ამ პარტიის ფარგლებში ივანიშვილს. როდესაც გადიხარ ერთი პატარა ჯგუფი და იძახი - იცით რა, მე მზად ვარ ვებრძოლო ივანიშვილს, ჩემი აზრით, ეს არის ფუჭი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს. მე კითხვას ვუსვამ ბოკერიას, რატომ აკრიტიკებდა იმ ჯგუფს, რომელიც გავიდა „გირჩებში“ და მათ, ვინც შეუერთდა გიორგი ვაშაძეს. პრაქტიკულად, ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძეც და „გირჩებიც“, რომლებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“. რაიმე სხვა გააკეთა დღეს გიგა ბოკერიამ?!“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

”ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთა დღეს 15:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. სავარაუდოდ, სწორედ ამ პრესკონფერენციაზე ისინი პარტიის დატოვების შესახებ განაცხადებენ. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, დღეს პარტიის ლიდერების ნაწილი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრებს.

როგორც აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, სწორედ 12 იანვარს გააკეთებს ”ნაციონალური მოძრაობის” აღნიშნული ფრთა პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებას. ისინი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად არსებულ ბლოკში, ”ევროპულ საქართველოში” გადაინაცვლებენ.