საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია

საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია

საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.

სახელმწიფო მდივანს შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ ქერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიტანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში. თავის მხრივ, ჯონ ქერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე.

„ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. ჯონ ქერიმ წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემირ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც მისი შეფასებით მნიშვნელვან როლს თამაშობს ქვეყნის სწორ განვითარებაში“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.