პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი თავის ყოველწლიურ ანგარიშში კონსტრუქციული იქნება და ობიექტურობას შეინარჩუნებს.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა, კილაძის თქმით, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ღიაა.
„უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულია ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა და ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის ყოველთვის ღია ვართ. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ იმ მიზნებს, რომლებიც ყველას ერთად გვაქვს. აქედან გამომდინარე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის გამოსვლაც იქნება კონსტრუქციული, თუმცა ეს არ გამორიცხავს კონსტრუქციულ კრიტიკულ მოსაზრებებსაც. ზოგადად, ობიექტურობა რომ იქნას მისი მხრიდანაც შენარჩუნებული, ეს, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კილაძემ.
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება. პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს. ამ თემაზე საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე კონსულტაციები გაიმართება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 7 თებერვალს იხსნება.