არჩილ თალაკვაძე ე.წ. ფარულ მოსმენებზე - ვაპირებთ, კონსენსუსის და თანამშრომლობის გზით შევთანხმდეთ საბოლოო მოდელზე

არჩილ თალაკვაძე ე.წ. ფარულ მოსმენებზე - ვაპირებთ, კონსენსუსის და თანამშრომლობის გზით შევთანხმდეთ საბოლოო მოდელზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობას ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმებული პოზიცია არ აქვს და თანამშრომლობისთვის ღიაა. 

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, გუშინ გაიმართა მოსამზადებელი შეხვედრა, ხოლო დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგება.

„თუ რა მოდელზე შევთანხმდებით და როგორ წავა რეფორმა ამ სფეროში, დამოკიდებულია სწორედ სამუშაო პროცესზე, რომელსაც ეს ჯგუფი წარმართავს. ჩვენ გახსნილები ვართ თანამშრომლობისთვის, არ გვაქვს რაიმე წინასწარ ცალკე შეთანხმებული პოზიცია, ვაპირებთ, რომ კონსენსუსის და თანამშრომლობის გზით შევთანხმდეთ საბოლოო მოდელზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რაც ზუსტად იცის და ეჭვი არავის ეპარება, არის ორი პრინციპი, რომლის განუხრელად დაცვა უნდა მოხდეს. ერთი არის ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და მეორე - ქვეყნის შესაძლებლობები უსაფრთხოების სფეროში.

„საქართველოს აქვს რთული გეოპოლიტიკური ლოკაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაძლებლობები უსაფრთხოების სფეროში არ დასუსტდეს იმ რეფორმებით, რომლის გატარებასაც ჩვენ ვაპირებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.