პრეზიდენტი აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ეკლესიის და სასაფლაოს დანგრევას ვანდალიზმს უწოდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

პრეზიდენტი აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ეკლესიის და სასაფლაოს დანგრევას ვანდალიზმს უწოდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო და აღნიშნულ ფაქტს შეგნებულად განხორციელებულ ვანდალიზმის აქტს უწოდებს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. 
„გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით.

სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს 19-ე საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო.

ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.