ნიკა მელიას ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების შესახებ განაცხადებს

ნიკა მელიას ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების შესახებ განაცხადებს

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ჯგუფი პარტიის რიგების დატოვებას აპირებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, აღნიშნულმა ჯგუფმა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღო, როდესაც გადაწყდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 7 000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდებოდა.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ჯგუფი აპირებს პარტიის რიგების დატოვებას, ეს იყო ჩემთვის წყალგამყოფი. ჯერჯერობით არავის ღიად და თამამად არ უთქვამს, რომ აპირებენ პარტიის რიგების დატოვებას, მაგრამ მე ვიცი, რომ მათ ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ. მთავარი დღე, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იყო, როდესაც გადაწყდა, რომ ყრილობა ჩატარდებოდა 7 000 დელეგატის მონაწილეობით. ამის შემდეგ 5-6 დღე იყო გასული. მე გამიჩნდა ეჭვი იმ ჯგუფის გეგმებთან დაკავშირებით. მე პირდაპირ დავსვი კითხვები, მივიღე არადამაჯერებელი პასუხები, მაგრამ ბოლოს ამ განზრახვაში დავრწმუნდი. რამდენიმე დღეში ეს ჯგუფი, რომელიც დღეს არის პარტიის მმართველობაში, დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ დატოვებს არა იმიტომ, რომ მათ ეს უნდოდათ, არამედ იმიტომ, რომ ყრილობაზე, რომელიც 20 იანვარს ჩატარდება, ისინი ვერ იქნებიან წარმოდგენილები, როგორც ძლიერები და მათი წინადადებები ვერ გავა ყრილობაზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.