პრემიერი - ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ამოტრიალებულ პირამიდას დაემსგავსა, როდესაც ზედა ჩინის ოფიცრები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა გვყავდეს

პრემიერი - ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ამოტრიალებულ პირამიდას დაემსგავსა, როდესაც ზედა ჩინის ოფიცრები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა გვყავდეს

ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ამოტრიალებულ პირამიდას დაემსგავსა, როდესაც ჩვენ გვყავს ზედა ჩინის ოფიცრები იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გვყავდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. 

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ რეფორმა თავდაცვის სამინისტროს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებას ეხება. გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ურთულესი რეფორმის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა. 

”ათწლეულის განმავლობაში ჩვენი პარტნიორები - ნატო, აშშ, ევროპელი პარტნიორები მიგვითითებდნენ, რომ ეს პროგრამა დასაწყები იყო. ჩვენი თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა ამოტრიალებულ პირამიდას, როდესაც ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ზურგის თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს, გვყავს ზედა ჩინის ოფიცრები იმაზე მეტი ვიდრე უნდა გვყავდეს და ა.შ. ამიტომ ძირითადად ეს რეფორმა ეხება თავდაცვის სამინისტროს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მე მინდა მადლობა გადავუხადო ლევან იზორიას, რომელმაც ადამიანური და თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით ურთულესი რეფორმა დაიწყო. დამერწმუნეთ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ იმ ადამიანებს ვინც სამსახურის გარეშე დარჩა რაღაცა კუთხით ხელი შევუწყოთ”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მან შესაბამისი მითითებები მისცა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებს, რომ სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის დაიგეგმოს შესაბამისი მასტიმულირებელი ღონისძიებები.

”მივეცი მითითება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებს, რომ პროგრამებში - ”აწარმოე საქართველოში”, ”აგროკრედიტი” შევქმნათ დამატებითი სტიმულები, შევიტანოთ წამახალისებელი კომპონენტები სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის, რომ ჩვენ მათ საშუალება მივცეთ ცხოვრების გაგრძელების და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამას შევძლებთ”, - განაცხადა პრემიერმა.