ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევებასა და ახალ სანქციებს სიმეტრიულად არ უპასუხებს. შესაბამისი ზომების ამოქმებეა რუსეთის პრეზიდენტს საგარეო საქმეთ მინისტრმა სერგეი ლავროვმა შესთავაზა. თუმცა ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან გადაწყვიტა, ამერიკელ დიპლომატებს პრობლემები არ შეუმქნას.
“ჩვენ არ შევუქმნით პრობლემებს ამერიკელ დიპლომატებს. ჩვენ არავის გავაძევებთ. ჩვენ არ ავუკრძალავთ მათ ოჯახებსა და შვილებს ახალ წელს მათთვის ჩვეული დასვენების ადგილების გამოყენებას. მეტიც, რუსეთში აკრედიტებული ყველა ამერიკელი დიპლომატის შვილებს ვეპატიჟები კრემლში საახალწლო და საშობაო ნაძვის ხეზე”, - ნათქვამია პუტინის განცხადებაში, რომელიც კრემლის ვებგევრდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვს აქვს ყველანაირი საფუძველი, აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევებას ადეკვატურად უპასუხოს, თუმცა პუტინის თქმით, მას არ სურს “სამზარეულოს დიპლომატიის” დონეზე დაეცეს.
“სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობას ამგვარად ამთავრებს”, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა და ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპს და აშშ-ის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
29 დეკემბერს თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა და ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუს დიპლომატს აძევებს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სანქციები უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, რომლებშიც ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებს.
ამას გარდა, აშშ-ის ხელისუფლება დაკეტავს მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიურ მისიას, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებულმა რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სანქციები ექვს პირსა და ხუთ უწყებას ეხება, მათ შორის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს.