სერგეი ლავროვმა ვლადიმერ პუტინს რუსეთიდან 39 ამერიკელი დიპლომატის გაძევება შესთავაზა

სერგეი ლავროვმა ვლადიმერ პუტინს რუსეთიდან 39 ამერიკელი დიპლომატის გაძევება შესთავაზა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის და სანკტ-პეტერბურგში ამერიკის გენერალური საკონსულოს 4 თანამშრომლის გაძევება შესთავაზა.

საპასუხო ნაბიჯების ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს ასევე შესთავაზა ამერიკული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისთვის „სერებრიანი ბორში“ აგარაკითა და მოსკოვში მდებარე საწყობით სარგებლობის აკრძალვა.

„ბრალდებები, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია უსაფუძვლოა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათ გვარებს ასაჯაროებს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს თავდასხმებში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.