„აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს მე-6 კორპუსის პიკეტირებას სადღესასწაულო დღეებშიც გააგრძელებენ

„აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს მე-6 კორპუსის პიკეტირებას სადღესასწაულო დღეებშიც გააგრძელებენ

„აუდიტორია 115“-ის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირებას სადღესასწაულო დღეებშიც გააგრძელებენ და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებენ.

„აუდიტორია 115“-ის წევრებმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, რომელიც მათ მიერ არის პიკეტირებული, პრესკონფერენცია გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

როგორც პრესკონფერენციაზე „აუდიტორია 115“-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს აიმედებდნენ, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების ინიცირებას ახალ წლამდე დაარეგისტრირებდნენ, თუმცა ეს პირობა მათგან არ შესრულდა, რის გამოც, ისინი მე-6 კორპუსის პიკეტირებას აგრძელებენ.

ლორთქიფანიძის თქმით, „აუდიტორია 115“ ნოემბრის თვეში განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან ჰქონდა მოლაპარაკებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში 45-ე მუხლის გაუქმების ინიციატივის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. 

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, განათლების კომიტეტმა ამაზე უარი განაცხადა.

„სამწუხაროდ, განათლების კომიტეტმა უარი თქვა კანონში ცვლილების ინიცირების დარეგისტრირებაზეც კი, არათუ კანონში ცვლილების განხორციელებაზე. შესაბამისად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვებმა ჩვენ გაგვწირეს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მე-6 კორპუსის პიკეტირება, ვიდრე კანონპროექტი არ დარეგისტრირდება. განათლების კომიტეტის წარმომადგენლები ჩვენ გვეუბნებიან, რომ კანონპროექტის დარეგისტრირება შეიძლება მოხდეს გაზაფხულის დასაწყისში. შესაბამისად, ისინი არც ერთ ჩვენს მოთხოვნას არ ითვალისწინებენ. კანონის რეგისტრაციაზეც უარს გვეუბნებიან და ერთადერთი გზა, რაც ჩვენ დაგვრჩა, არის ის, რომ გავაგრძელოთ ამ კორპუსის პიკეტირება. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სადღესასწაულო დღეებში, როდესაც მე-6 კორპუსში ათეულობით სტუდენტი იქნება, რა ფორმითაც შეძლებენ, გამოგვიცხადონ სოლიდარობა“, - განაცხადა ლევან ლორთქიძანიძემ.

ლორთქიფანიძე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი უკვე ერთ თვეზე მეტია პიკეტირებულია და აღნიშნა, რომ „უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თავისი პროტესტის ადრესატად სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ჰქონდეს და არა ათეულობით სტუდენტი, რომელიც პროტესტშია ჩართული“.

ლორთქიფანიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში პირდაპირი კენჭისყრა უნდა დაწესდეს და უმაღლეს სასწავლებლებში ყველა სტუდენტს ჰქონდეს ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა.