რუსეთი ადეკვატურ პასუხს გაცემს აშშ-ის ახალ სანქციებს, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის მხრიდან არაპროგნოზირებადი აგრესიის გამოვლინებას წარმოადგენენ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ჩვენი თვალსაზრისით, ვაშინგტონის მხრიდან ახალი ანტირუსული სანქციების დაწესება, სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამოვლინებაა“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ამით ზიანს აყენებენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათ გვარებს ასაჯაროებს.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს თავდასხმებში ადანაშაულებს.
გარდა ამისა, თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. ის კრემლსა და თეთრს სახლს დაძაბულობის თავიდან აცილებას ურჩევს.