ქეთევან ციხელაშვილი - დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიდის რუსიფიკაციის პროცესი

ქეთევან ციხელაშვილი - დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიდის რუსიფიკაციის პროცესი

ჩვენთვის აფხაზეთი და ოსეთი არ არის მხოლოდ ტერიტორია, ჩვენთვის ეს არის ხალხი და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხალხის გაერთიანებაცაა”, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ”რუსიფიკაციის პროცესი” მიმდინარეობს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებითვე, მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, საქართველო გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკურ პროცესებსა და ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავებას. 

”ძალიან ბევრი ძალაა დაინტერესებული, რომ არ მოხდეს ხალხთაშორის კონტაქტების გააქტიურება, ურთიერთობების დალაგება და ნორმალიზება, სწორედ ამის გამოძახილია, მავრთულხლართები, მიმოსვლის გართულებული პროცედურები, ძალიან ბევრი უხილავი ბარიკადიც გვაქვს, რაც საინფორმაციო პროპაგანდას უკავშირდება. რთული პროცესებია ოკუპირებულ რეგიონში და ეს არ ეხება მხოლოდ გალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიდის ”რუსიფიკაციის პროცესი”, პროცესი, რომელიც არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში და ცხინვალის რეგიონში, რომელიც ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისგან, არ ვგულისხმობ მხოლოდ დევნილებს, ვგულისხმობ ჩვენს ოს თანამოქალაქეებსაც, რომლებიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე გასული არიან რეგიონიდან. ეს სიტუაცია არ არის ჩვენს ინტერესში, არც ქართველების, არც ოსების, არც აფხაზების ინტერესში, ამიტომ ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ, შევაფასოთ არესებული ვითარება და გავაანალიზოთ, რომ ამ ყველაფრით ერთი ძალა ხეირობს. 

ჩვენი სტრატეგია ის არის, რომ ორჯერ მეტი ძალისხმევა შევძინოთ ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკურ პროცესს. ვფიქრობ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან, მწყობრ პოლიტიკას, რომლის ერთი ამოცანა გახლავთ დე ოკუპაცია რუსეთთან მიმართებაში, ცხადია დე ესკალაციის ფონზე. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული დაპირისპირებით, კონფრონტაციით და მასშტაბურ კონფლიქტში ჩათრევით, ამის თავიდან ასარიდებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. მეორე მხრივ, აქტიურად ვმუშაობთ დიალოგზე, შერიგებაზე, ხალხთაშორის ურთიერთობაზე, რადგან ჩვენთვის აფხაზეთი და ოსეთი არ არის მხოლოდ ტერიტორია, ჩვენთვის ეს არის ხალხი და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხალხს გაერთიანებაცაა” , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.