მიხეილ მაჭავარიანი გიორგი კვირიკაშვილს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით პასუხობს

მიხეილ მაჭავარიანი გიორგი კვირიკაშვილს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი მიხეილ მაჭავარიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

მაჭავარიანი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, როდესაც პრემიერმა აღნიშნა, რომ ,,დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი“.

მიხეილ მაჭავარიანი პრემიერს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით პასუხობს.

”დღეს დილით, საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა (დე-ფაქტო პრემიერ მინისტრი მოეხსენებათ ვინც არის), მომოიხილა რა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სიამაყით გვამცნო: ,,დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი“. არა და, ყველას გვახსოვს, ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომ ”ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის მეოთხე, ანუ, 2016 წელი, უნდა ყოფილიყო ყველაზე მაგარი. როგორ ამთავრებს ამ მეოთხე საუკეთესო წელს ”ქართული ოცნების” მთავრობა, რა მდგომარეობაა დღეს და ამ ოთხი წლის მანძილზე მთვრობის ეკონომიკური გუნდის უნიათობისა და მავნებლობის შედეგად, გვაქვს თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი?

მინდა ეს საკიხები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით მიმოვიხილოთ.

დავიწყებ იმით, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტების თვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ საქართველოს პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დასამტკიცებლად შეტანილ და ”ოცნების” მიერ დეკემბერში შეტანილ ბიუჯეტებში ეკონომიკური ზდის ციფრები იდენტურია.

ამ ბიუჯეტის პროქტს თან ახლავს ძირითადი ეკონომიკური ფინანსური ინდიკატორი. ამ დოკუმენტში ჩანს, რომ 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა უნდა ყოფილიყო 40 მლრდ ლარი, რაც დოლარის ექვივალენტში 24 მლრდ დოლარია. 2016 წლის დეკემბერში წარდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, საქართველოს მოსალოდნელი მთლიანი შიდა პროდუქტი არის 33 მლრდ ლარი, რაც დოლარის ექვივალენტშიმხოლოდ 14 მლრდ დოლარია.

ე.ი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი 2013 და 2017 წლების ბიუჯეტის დანართების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულმა მთავრობამ კვირიკაშვილის, ხადურის, ქუმსიშვილის ხელით, საქართველოს ეკონომიკას დააკარგინა 10 მლრდ დოლარი (!!!).

რა მდგომარეობა გვაქვს შიდა ვალთან მიმართებაში? 2012 წელს ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყო 33%, 2015 წელს ეს მონაცემი 42%-მდე გაიზარდა, 2017 წლის უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით კი, ვალი 43% გახდება.

რა მდგომარეობაა ექსპორტ- იმპორტში? აქვს თუ არა მთავრობას ოპტიმიზმის საფუძველი, თუ ისევ იტყუება?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისა და ცხრილების მიხედვით, საქართველოში ექსპორტი იანვარ-ნოემბერში არის ნაკლები, ვიდრე 2012 წელს. მიუხედავად ევროპასთან ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისა და ”ქართული ოცნების” მიერ „გახსნილი“ რუსული ბაზრისა, ეს მონაცემიც გაუარესებულია.

რაც შეეხება იმპორტს. თუ გამოვაკლებთ C ჰეპატიტის სამკურნალოდ განსაზღვრული საჩუქარის თანხას, ნათელია, რომ იმპორტი 2016 წელს იანვარ-ნოემბერში არის ნაკლები, ვიდრე 2012 წელს.

აი, ეს არის გაჩერებული ეკონომიკა და გაღატაკებული ქვეყანა! როდესაც იწარმოება ნაკლები პროდუქცია უცხოეთში გასაყიდად და მოსახლეობის სიღარიბის გამო, ქვეყანაში შემოდის ნაკლები პროდუქცია.

ეს არის ძირითადი მონაცემი, რასაც თვითონ მთავრობაც ვერ მალავს და ოფიციალურად აქვეყნებს. მოსახლეობამ კი, თავად უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა ამ მთავრობის იმედი და იყო თუ არა კვირიკაშვილი მართალი, როდესაც არასოდეს ეთანხმებოდა ჩვენს გუნდს, როდესაც მივუთითებდით შეცდომებზე და ვამბობდით, რომ ეს მთავრობა ვერ უმკლავდება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილისადმი მიხეილ მაჭავარიანის პასუხში, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა და განაცხადა: ”დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ”.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის არჩეულია აბსოლუტურად სწორი გზა.