შემდეგი სესიის განმავლობაში შესაძლებელია კანონპროექტების პაკეტების მიღება, რაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უზრუნველყოფს

შემდეგი სესიის განმავლობაში შესაძლებელია კანონპროექტების პაკეტების მიღება, რაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უზრუნველყოფს

ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე, საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ცვლილებას მოითხოვს და საარჩევნო კოდექსის კონკრეტული ნორმები გასწორებას საჭიროებს. კონსტიტუციურ დონეზე შესატან ცვლილებებს რაც შეეხება, ეს საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის და განხილვის საგანი იქნება. საუბარია მაგალითად, საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, რომელიც შესაძლოა, კომისიის მიერ მსჯელობის საფუძველზე გადაისინჯოს“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში დამტკიცებულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემის  დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას  უზრუნველყოფს. 

„კანონმდებლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რაც მოსამართლეების ობიექტურობასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, ესაა საქმეების ელექტრონული განაწილების წესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში ობიექტურობა და მიუკერძოებლობა იქნას დაცული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, რა ძირითად ცვლილებებს უნდა ველოდოთ ე.წ. მოსმენების საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავარია, ამ მიმართულებით ძალიან ფართო განხილვა შედგეს. 

„ჩვენ თანამშრომლობისთვის ღია ვართ. აქტიური თანამშრომლობა გვექნება არასამთავრობო სექტორთან და დიდი იმედი მაქვს, ფართო კონსენსუსის საფუძველზე ისეთი კანონპროექტის შემუშავებას მოვახერხებთ, რომელიც ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესის დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს. ეს არის ორი უმთავრესი ამოცანა, რომლის გარშემოც დისკუსია უნდა წარიმართოს. ვფიქრობ, ფართო კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უკვე დაწყებულია, რაშიც პარლამენტი და შესაბამისი სამთავრობო უწყებებია ჩართული. ასევე, უკვე დაწყებულია კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შემდეგი სესიის განმავლობაში, შესაძლებელია, კანონპროექტების პაკეტების მიღება, რომელიც ლიბერალიზაციას უზრუნველყოფს. ჩვენი ინტერესია, მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები, ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების ინტერესები. აქაც ძალიან ფართო განხილვები უნდა შედგეს და აქაც დიდი იმედი მაქვს, შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება-მიღებას  ფართო კონსენსუსის საფუძველზე მოვახერხებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.